Saturday, June 21, 2014

საბანკო სტრუკტურა და უსინათლო მომხმარებლები

დღეს, საქართველოში ძალიან აკტუალურ თემად იქცა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა. ამ საკითხის ირგვლივ ტრიალებს უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია, თუ სახელმწიფო სტრუკტურა, მაგრამ ამავე დროს, როდესაც ვცდილობთ დისკრიმინაციის აღმოფხვრას, მისი თვალსაჩინო მაგალითი აგრძელებს არსებობას ჩვენს თვალწინ. საუბარი მაქვს უსინათლო ადამიანებისთვის მიუწვდომელ საბანკო სისტემაზე.
ამაზრზენია ის ფაქტი, რომ უსინათლო ადამიანს, ბანკში ანგარიშის გასახსნელად, თუ სხვა მნიშვნელოვანი ოპერაციის განსახორციელებლად, ესაჭიროება ხელმოწერა, ფაკსიმილიას ბანკში არ იღებენ. გარდა ამისა, ითხოვენ, რომ ის ვინც აწერს ხელს, თავად წაიკითხოს ხელშეკრულება. აქედან გამომდინარე კანონის თანახმად, უსინათლომ უნდა მიმართოს ნოტარიუსს, თან იყოლიოს ორი ან სამი მოწმე, პირი ვისზეც გააფორმებს მინდობილობას, გადაიხადოს დამატებითი თანხა, დაკარგოს უამრავი დრო და მხოლოდ ამ მანიპულაციების შემდეგ, მისი ნდობით აღჭურვილი პირი შეძლებს მიიღოს ბანკის მომსახურება. ეს ყოველივე პირვე რიგში, არღვევს ადამიანის დამოუკიდებლობის უფლებას, საკუთარი ფინანსების განკარგვის უფლებას, ქონების ხელშეუხებლობის უფლებას. ბანკები დღემდე არიდებენ თავს ბრაილის პრინტერების დადგმას, რომლის საშუალებითაც უსინათლო ადამიანი დამოუკიდებლად გაეცნობა ხელშეკრულებას და მოაწერს მას ხელს, ასევე არც ერთ ბანკს არ გააჩნია ელექტრონული გამადიდებელი CCTV, რომელიც მცირემხედველ ადამიანებს ტექსტის წაკითხვას გაუადვილებს და არც ერთი ბანკის არც ერთი ფილიალი არ არის სრულყოფილად მისაწვდომი მხედველობადაქვეითებუ­ლი ადამიანებისათვის. განათებები, ბრაილის წარწერები, რელიეფური მიმანიშნებლები იატაკზე _ ის მცირე ჩამონათვაია, რაც განვითარებულ ქვეყნებში ნებისმიერი ბანკის ნებისმიერ ფილიალში შეგხვდებათ. ამას თან ერთვის გაუმართავი ბანკომატები, რომლებითაც ვერც უსინათლო და ვერც მცირემხედველი ვერ სარგებლობს შრიფტის სიმცირის, დაბაი კონტრასტის და გახმოვანების არ არსებობის გამო.
ამგვარი ფაქტები მკვეთრად აჩვენებს სახელმწიფოს დისკრიმინაციულ მიდგომას მხედველობადაქვეითებუ­ლი ადამიანების მიმართ. ჩვენ კი, მხოლოდ საკუთარი უფლებების დაცვას და საკუთარი ფინანსების დამოუკიდებლად მართვას ვითხოვთ.
მარიანი აქტიურად ეწევა ადვოკატირების კამპანიას დისკრიმინაციული საბანკო სისტემის გამოსასწორებლად.

No comments:

Post a Comment