Saturday, June 7, 2014

საპილოტე პროექტი ''გამცილებლები უსინათლოთათვის''

საქართველოში, უსინათლო ადამიანებისთვის ერთერთ უდიდეს პრობლემას წარმოადგენს გადაადგილება. მიუხედავად იმისა, რომ ამ პრობლემის გადაჭრაზე არა ერთი ორგანიზაცია მუშაობს და მათ შორისაა „მარიანიც“, პრობლემა კვლავაც აკტუალური რჩება და კიდევ დიდ ხანს იარსებებს, ვინაიდან ვითარების შესაცვლელად არაა საკმარისი მხოლოდ თეთრი ხელჯოხის შემოტანა და მხოლოდ უსინათლო ადამიანების აქტიურობა.
უსინათლოსა და დამოუკიდებლობას შორის დგას ხალხის არა ჯანსაღი დამოკიდებულება, თუნდაც საგზაო წესებისადმი, არა ადაპტირებული გარემო, თვით უსინათლოების დიდი ნაწილის არა საკმარისი დაინტერესებულობა. ბარიერს ქმნის შუქნიშნები, რომლებიც არ არის ხმოვანი, ტრანსპორტი, რომლებშიც არ ცხადდება გაჩერებების სახელები, ხელისუფლების ინდიფერენტული და საზოგადოების შემცოდებლური დამოკიდებულება უსინათლო ადამიანების მიმართ. ამიტომაც, კიდევ ძალიან დიდ ხანს მოგვიწევს მუშაობა იმისათვის, რომ ყოველმა უსინათლომ შეძლოს დამოუკიდებლად მივიდეს ქალაქის ნებისმიერ პუნკტამდე.
ცნობილი ფაქტია, რომ როდესაც უსინათლოს სურს მისთვის არაადაპტირებულ გარემოში სადმე წასვლა, მას ესაჭიროება გამცილებელი, რომლის შოვნაც ყოველთვის როდია ასე ადვილი. სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად, ოკუპაციური თერაპიის ფაკულტეტის ბოლო კურსის სტუდენტმა ‘’მარიანისთან’’ ერთად შეიმუშავა საპილოტე პროექტი ''გამცილებლები უსინათლოთათვის''. სადაც გვესაჭიროება მოხალისეები, რომლებიც უსინათლოებს გაუწევენ მეგზურობას სხვადასხვა მათთვის სასურველ ადგილამდე მისასვლელად და უკან დასაბრუნებლად. პროექტში მონაწილეობის მსურველი მოხალისეები გაივლიან შესაბამის მომზადებას/­­ტრენინგს, რათა უზრუნველყონ კვალიფიციური მომსახურება უსინათლოებისთვის. შესაბამისი ტრენინგები ჩატარდება 11, 12, 13 ივნისს 18:00-დან 20:00 სთ-მდე. პროექტის ხანგრძლივობაა 2 თვე (12 ივნისიდან 12 აგვისტომდე). მოხალისეების რაოდენობა შეზღუდულია.
დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით: ტელ.: – 577 33 08 46.
თქვენი მონდომება ხელს შეუწყობს საზოგადოების ყველა წევრისთვის თანაბარი პირობების შექმნას და ნამდვილად დადებითად აისახება თქვენსავე ცხოვრებაზე, რადგან გარდა იმისა, რომ დაეხმარებით სხვას, შეიძენთ ახალ გამოცდილებას. უსინათლოებთან ურთიერთობის შემდეგ შეძლებთ უკვე სულ სხვა თვალით შეხედოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს.

No comments:

Post a Comment