Sunday, June 16, 2013

ბანაკი სარეაბილიტაციო ცენტრ ''სათავეში'':)

17 ივნისიდან 23 ივნისამდე, თბილისის #202-ე სკოლის IX-XI კლასის მოსწავლეებისთვის მოეწყობა სარეაბილიტაციო ბანაკი სარეაბილიტაციო ცენტრ ''სათავეში''. ''სათავე'' ჰიპოთერაპიული ცენტრია. ჰიპოთერაპია ცხენებით თერაპიას ნიშნავს. ცენტრი სხვადასხვა დარღვევის მქონე ბავშვებს სთავაზობს: ჰიპოთერაპიას, დოგოთერაპიას, არტთერაპიას, ფიზიოთერაპიას, ოკუპაციური თერაპევგტისა და ფსიქოლოგის მომსახურებას. ამ ყველაფერს, ამჯერად, ''მარიანის'' სივრცითი და საყოფაცხოვრებო ორიენტაციის ინსტრუქტორების მიერ დაგეგმილი ძალიან სახალისო და საინტერესო თამაშები თუ სავარჯიშოებიც დაემატება.
ბანაკში მოზარდები არამხოლოდ ივარჯიშებენ და დაიღლებიან, არამედ გაერთობიან, დაისვენებენ, მოაწყობენ პიკნიკებს ტყეში, გაიგებენ უამრავ ახალ რამეს, თავად მიიღებენ მონაწილეობას საგარეჯოს ტყის ფლორის გამდიდრებაში. იზრუნებენ ეკოლოგიაზე, განივითარებენ სივრცით და საყოფაცხოვრებო ორიენტაციას და და ბუნებასთან ჰარმონიაში, გაძლიერდებიან ემოციურად.:) მიიღებენ უზარმაზარ გამოცდილებას და გაატარებენ დაუვიწყარ შვიდ დღეს საგარეჯოში.

პროექტის დასრულებისას, ბლოგზე ავტვირთავთ თავად ბანაკის მონაწილეების შთაბეჭდილებებს, სურვილებს, ფოტოებს, ამბებს, თუ რით და როგორ ატარებდნენ დროს ისინი.

პროექტი დაფინანსებულია, კვლავ და კვლავ :) პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, ფონდ ''არი არის'' პროექტ ''დამოუკიდებლობა IV''-ის ფარგლებში.

ჩვენ ერთი კვირით გემშვიდობებით.
ელოდეთ საინტერესო და მხიარულ სიახლეებს ბანაკის შემდეგ.:)

''მარიანი'' აუდიოწიგნების ჩაწერას იწყებს

''მარიანიმ'' და ''სამოქალაქო ''ინიციატივამ'' უკვე 7 თვეა აუდიოწიგნების ჩასაწერად ემზადებიან. ერთი შეხედვით, მარტივი, მოკლევადიანი პროექტების უკან საკმაოდ რთული და ხანგრძლივი სამუშაო პროცესი დგას ხოლმე. დიიიიდი მონდომება, ბევრი დრო, ენერგია, ხალისი და ცოდნაა საჭირო თუნდაც სრულიად მოკრძალებული იდეისთვის ხორცის შესასხმელად.

''მარიანიმ'' და ''სამოქალაქო ინიციატივამ'' გადაწყვიტა, ჩაწეროს 20 აუდიოწიგნი უსინათლო და მცირემხედველი მოზარდებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით. ლიტერატურა, 202-ე სკოლის მოსწავლეებმა და მათმა მასწავლებლებმა თავად შეარჩიეს. შემდეგ მოეწყო შეხვედრები ექსპერტებთან, რომლებმაც გვირჩიეს, როგორი ტემბრისა თუ სტილის ხმებია საჭირო წიგნების ხარისხიანად ჩასაწერად. პროფესიონალური სტუდია და ოპერატორებიც შესარჩევი გვყავდა. მუშაობა მოხალისეობრივ საწყისებზე დავიწყეთ საინიციატივო ჯგუფის 6-მა წევრმა. შემდგომში, პროექტიც დავწერეთ და პოლონეთის საელჩოს შუამდგომლობით, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებაც მოვიპოვეთ.:) ჩვენმა მუშაობამ შედეგი გამოიღო და უფრო მეტად მოტივირებულები შევუდექით შემდგომ სამუშაოებს.

ახლა წიგნების წამკითხველ მოხალისეებს ვარჩევთ, რომლებსაც სასიამოვნო ხმის ტემბრი ექნებათ, ბგერებს სუფთად გამოთქვამენ და წიგნებს არამხატვრულად, ზედმეტი ემოციების გარეშე წაიკითხავენ. ამგვარი კრიტერიუმები, თავად უსინათლო მოზარდებმა შეგვამუშავებინეს. "როდესაც აუდიოწიგნს ვკითხულობ", მინდა ჩემით აღვიქმა, წარმოვიდგინო და განვიცადო, ის რაც წიგნში ხდება. მინდა ჩემით დავხატო იმ ბუნების მშვენიერება, რომელიც წიგნშია აღწერილი. ამისათვის, ჩანაწერი წამკითხველის ემოციებისგან მაქსიმალურად თავისუფალი უნდა იყოს"_ გვითხრა ერთ-ერთმა უსინათლო მოსწავლემ და სხვებიც მის აზრს იზიარებდნენ.

პროექტის ამ ეტაპზე, ველით შევსებულ განაცხადის ფორმებს და მოკლე აუციოჩანაწერებს 25 ივნისის ჩათვლით. შემდგომ, ჩავატარებთ გასაუბრებას მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. ივლისის დასაწყისში კი, ჩვენი კვალიფიციური ტრენერი _ ქეთევან ქიმოსტელი შერჩეულ მოხალისეებს ჩაუტარებს ტრენინგს გამართულ მეტყველებაში. მალევე დაიწყება წიგნების ჩაწერა.

დროდადრო განვაახლებთ ინფორმაციას პროექტის შესახხებ.:)
ამ ეტაპზე კი, ყველაზე მეტად ის გვახარებს, რომ უკვე 190 აპლიკაციაა შემოსული. ჩვენთვის მეტად სასიამოვნოა იმის გაგება, რომ საქართველოში მოხალისეობა ასეთი სასურველია ახალგაზრდებისათვის და სფერო, რომელსაც უსინათლო და მცირემხედველ ადამიანთა განათლების ხელშეწყობა ჰქვია, საზოგადოების ყურადღებას იქცევს. უღრმესი მადლობა ყველას, ვინც პროექტით დაინტერესდა! ჩვენ თქვენთან თანამშრომლობას სიამოვნებით გავაგრძელებთ!

პროექტის ფარგლებში, წიგნები მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდება და აიტვირთება სხვადასხვა, უსინათლოთათვის ადაპტირებულ ვებგვერდებზე. გვერდების ადაპტირებაც პროექტის ფარგლებში იგეგმება.

Thursday, June 6, 2013

''მარიანის'' წარმომადგენლების ვიზიტი ერევანში

''მარიანის'' წარმომადგენლები ერევანში ''ბიოეთიკის განვითარების საზოგადოებასთან'' პარტნიორულ ურთიერთობას აღრმავებენ. სომხური ორგანიზაცია სხვა პროექტებს შორის, მუშაობს უსინათლო და მცირემხედველი ადამიანების რეაბილიტაციის მიმართულებით. პარტნიორობა ინიცირებულია ფონდ ''არი არის'' მიერ, რომელიც თანამშრომლობს, როგორც ''მარიანისთან'', ასევე''ბიოეთიკის განვითარების საზოგადოებასთან'' და ორივე ორგანიზაციას უწევს ფინანსურ თუ პროფესიულ დახმარებას. სხვა შეხვედრებთან ერთად, ''მარიანის'' წარმომადგენლები, ანა მიქიაშვილი და მარიამ მიქიაშვილი წაიკითხავენ ლექციებს აბოვიანის სახელობის პედაგოგიკის უნივერსიტეტში. სალექციო თემებია: ანა მიქიაშვილი ''უსინათლო ადამიანის იდენტობა, უსინათლობასთან დაკავშირებული სტიგმა და მასთან გამკლავების სტრატეგიები''; მარიამ მიქიაშვილი ''როგორ გადავადგილდეთ არაადაპტირებულ გარემოში და როგორ ვებრძოლოთ აზრს, "რას ფიქრობს ხალხი ჩემზე"''.

Sunday, June 2, 2013

სივრცითი და საყოფაცხოვრებო ორიენტაციის ინსტრუქტორები მუშაობას შეუდგნენ


 

უკვე ერთი წელია, რაც „მარიანი“ თანამშრომლობს პოლონურ ფონდ „არი არისთან“. მათი დახმარებით, საქართველოში მომზადდა სივრცითი და საყოფაცხოვრებო ორიენტაციის ინსტრუქტორები, რომლებმაც რამდენიმე საფეხურიანი ტრენინგები გაიარეს და ჰქონდათ პრაქტიკის გავლის საშუალებაც. ზოგიერთმა ინსტრუქტორმა კვალიფიკაცია პოლონეთის სარეაბილიტაციო ცენტრებში აიმაღლა. ინსტრუქტორები ასევე მოამზადეს გერმანიის ქალაქ მარბურგის უსინათლო ბავშვთა სასწავლო ცენტრ „ბლისტას“ სპეციალისტებმა.

 

მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ინსტრუქტორებმა დაიწყეს მუშაობა უსინათლო ადამიანებთან. მათ შეაფასეს მომავალი მოსწავლეების ორიენტაციის უნარები, შეფასებაზე დაყრდნობით დაწერეს სწავლების პროგრამები, გაიარეს ინტენსიური ორკვირიანი ტრენინგები და სუპერვიზია პოლონელ სპეციალისტებთან ფონდი „არი არიდან“ და შეუდგნენ მუშაობას. ინსტრუქტორების სამუშაო პირველად ანაზღაურდება, მართალია, მცირეოდენი, მაგრამ მაინც გარკვეული საზღაურით.

პროექტის დასრულება და ნამეცადინები მოსწავლეების შეფასება იგეგმება ნოემბრის თვეში. მანამდე კი მოგაწვდით ფოტოებს, მოსწავლეთა მოტივაციას, ისწავლონ სივრცეში დამოუკიდებლად გადაადგილება და მათი თვალით დანახულ მიღწეულ შედეგებს.

Sunday, May 26, 2013

Mariani is back to blogging!

Mariani is back to blogging. We will provide you with a lot of useful and interesting information not only about our projects, but also some tips about raising blind or visually impaired child.
Our disappearance from the blog was only caused by a lot of work and few workers. Now we've decided to make our blog more active. So look for important news from us!

მარიანი ბლოგზე ბრუნდება!

მოგესალმებით!
მარიანი აპირებს განაახლოს ბლოგი და ხშირად მოგაწოდოთ საინტერესო და საჭირო ინფორმაცია. დავწერთ სიახლეებს ჩვენი ორგანიზაციის შესახებ. ასევე მოგაწვდით სასარგებლო რეკომენდაციებს უსინათლო და მცირემხედველი ბავშვებისა და მოზარდების აღზრდისა თუ რეაბილიტაციის შესახებ.
ჩვენი ბლოგის გაპასიურება მხოლოდ იმას უკავშირდებოდა, რომ ცოტა თანამშრომლით ბევრ საქმეს ვეჭიდებოდით ხოლმე. ახლა კი, გადავწყვიტეთ, ბლოგს განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ. ამიტომ ხშირად იხილავთ სიახლეებს.