Saturday, May 24, 2014

შეზღუდული შესაძლებლობიდან გამომდინარე, მე სამწუხაროდ ყოველთვის მაკლდა დამოუკიდებლობა და საყოფაცხოვრებო პრაკტიკული უნარ-ჩვევები. ასე მაგალითად, წლევანდელ წლამდე არ შემეძლო ისეთი ელემენტარული ყოველდღიური საქმეების კეთება, როგორებიცაა თასმებისა და ელვა შესაკრავის შეკვრა, დამოუკიდებლად გადაადგილება და აშ.

ვითარება შეიცვალა, როდესაც თებერვალში დავიწყე სიარული ორიენტაციის კურსებზე. ჩემთვის გამოყოფილი იყო ცალკე ინსტრუკტორი, რომელთანაც ერთად ვსწავლობდი თეთრი ხელჯოხის გამოყენებას, სივრცეში ორიენტაციას, საყოფაცხოვრებო უნარჩვევებს... თავდაპირველად, ვისწავლეთ, თუ როგორ უნდა მეჭიროს თეთრი ხელჯოხი, როგორ იკეცება და იშლება იგი. მერე დავიწყეთ უახლოესი მარშრუტების შესწავლა. ასე თვალსა და ხელს შუა შევისწავლე ის, რასაც ბავშვობაში ვერც წარმოვიდგენდი. კერძოდ კი, შევძელი ჩემი სახლიდან საკმაოდ შორეულ მანძილზე გასვლა, ყოველ შემთხვევაში როდესაც დავდივარ, ეს მანძილი შორეულად მეჩვენება. მერე ხელი უნივერსიტეტსაც მოვკიდეთ. ყველა აუდიტორიის კარზე მივაკარით ბრაილის წარწერა, რაც იმის გარკვევაში მეხმარება, თუ სად ვიმყოფები და აი, როგორც იქნა, შევძელი უნივერსიტეტშიც ვიარო ყოველგვარი დახმარების გარეშე. ასევე დღეს უკვე თავისუფლად ვასრულებ ბევრ საყოფაცხოვრებო მოვალეობას, რაც ჩემთვის ადრე სირთულეს წარმოადგენდა. მე და ჩემი ინსტრუქტორი კვლავაც ვაგრძელებთ მეცადინეობას ამ მიმართულებით.
მე მგონი, შშმ ბავშვს თავიდანვე თუ ექნება შესაძლებლობა გაიაროს ამ ტიპის კურსები, ეს მას ძალიან შეუწყობს ხელს სრულფასოვან განვითარებაში და უფრო თავდაჯერებულს გახდის მას.

No comments:

Post a Comment