Sunday, June 16, 2013

''მარიანი'' აუდიოწიგნების ჩაწერას იწყებს

''მარიანიმ'' და ''სამოქალაქო ''ინიციატივამ'' უკვე 7 თვეა აუდიოწიგნების ჩასაწერად ემზადებიან. ერთი შეხედვით, მარტივი, მოკლევადიანი პროექტების უკან საკმაოდ რთული და ხანგრძლივი სამუშაო პროცესი დგას ხოლმე. დიიიიდი მონდომება, ბევრი დრო, ენერგია, ხალისი და ცოდნაა საჭირო თუნდაც სრულიად მოკრძალებული იდეისთვის ხორცის შესასხმელად.

''მარიანიმ'' და ''სამოქალაქო ინიციატივამ'' გადაწყვიტა, ჩაწეროს 20 აუდიოწიგნი უსინათლო და მცირემხედველი მოზარდებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით. ლიტერატურა, 202-ე სკოლის მოსწავლეებმა და მათმა მასწავლებლებმა თავად შეარჩიეს. შემდეგ მოეწყო შეხვედრები ექსპერტებთან, რომლებმაც გვირჩიეს, როგორი ტემბრისა თუ სტილის ხმებია საჭირო წიგნების ხარისხიანად ჩასაწერად. პროფესიონალური სტუდია და ოპერატორებიც შესარჩევი გვყავდა. მუშაობა მოხალისეობრივ საწყისებზე დავიწყეთ საინიციატივო ჯგუფის 6-მა წევრმა. შემდგომში, პროექტიც დავწერეთ და პოლონეთის საელჩოს შუამდგომლობით, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებაც მოვიპოვეთ.:) ჩვენმა მუშაობამ შედეგი გამოიღო და უფრო მეტად მოტივირებულები შევუდექით შემდგომ სამუშაოებს.

ახლა წიგნების წამკითხველ მოხალისეებს ვარჩევთ, რომლებსაც სასიამოვნო ხმის ტემბრი ექნებათ, ბგერებს სუფთად გამოთქვამენ და წიგნებს არამხატვრულად, ზედმეტი ემოციების გარეშე წაიკითხავენ. ამგვარი კრიტერიუმები, თავად უსინათლო მოზარდებმა შეგვამუშავებინეს. "როდესაც აუდიოწიგნს ვკითხულობ", მინდა ჩემით აღვიქმა, წარმოვიდგინო და განვიცადო, ის რაც წიგნში ხდება. მინდა ჩემით დავხატო იმ ბუნების მშვენიერება, რომელიც წიგნშია აღწერილი. ამისათვის, ჩანაწერი წამკითხველის ემოციებისგან მაქსიმალურად თავისუფალი უნდა იყოს"_ გვითხრა ერთ-ერთმა უსინათლო მოსწავლემ და სხვებიც მის აზრს იზიარებდნენ.

პროექტის ამ ეტაპზე, ველით შევსებულ განაცხადის ფორმებს და მოკლე აუციოჩანაწერებს 25 ივნისის ჩათვლით. შემდგომ, ჩავატარებთ გასაუბრებას მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. ივლისის დასაწყისში კი, ჩვენი კვალიფიციური ტრენერი _ ქეთევან ქიმოსტელი შერჩეულ მოხალისეებს ჩაუტარებს ტრენინგს გამართულ მეტყველებაში. მალევე დაიწყება წიგნების ჩაწერა.

დროდადრო განვაახლებთ ინფორმაციას პროექტის შესახხებ.:)
ამ ეტაპზე კი, ყველაზე მეტად ის გვახარებს, რომ უკვე 190 აპლიკაციაა შემოსული. ჩვენთვის მეტად სასიამოვნოა იმის გაგება, რომ საქართველოში მოხალისეობა ასეთი სასურველია ახალგაზრდებისათვის და სფერო, რომელსაც უსინათლო და მცირემხედველ ადამიანთა განათლების ხელშეწყობა ჰქვია, საზოგადოების ყურადღებას იქცევს. უღრმესი მადლობა ყველას, ვინც პროექტით დაინტერესდა! ჩვენ თქვენთან თანამშრომლობას სიამოვნებით გავაგრძელებთ!

პროექტის ფარგლებში, წიგნები მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდება და აიტვირთება სხვადასხვა, უსინათლოთათვის ადაპტირებულ ვებგვერდებზე. გვერდების ადაპტირებაც პროექტის ფარგლებში იგეგმება.

No comments:

Post a Comment